top of page

ამინდი – ცვლადი, რომელიც ფერმერობას ართულებს
ნაწილი IV - მზის რადიაცია და ნიადაგის ტენიანობა

Gemini_Generated_Image_nzfta8nzfta8nzft.jpg

ბლოგის სერიის პირველ ნაწილში ჩვენ განვიხილეთ ნალექების გავლენა მცენარის ზრდაზე, საკვები ნივთიერებების ათვისებასა და მოსავლიანობის ცვალებადობაზე და ხაზი გავუსვით ნაკვეთში განთავსებული IoT მოწყობილობების მნიშვნელობას ამინდის ზუსტი მონიტორინგისთვის. მეორე ნაწილი ტემპერატურას დაეთმო – მის როლს ევაპოტრანსპირაციაში, წაყინვის რისკსა და წამლობის ეფექტურობაში. მესამე ნაწილში კი განვიხილეთ ფარდობითი ტენიანობა, ფოთლის სინესტე და ქარი და მათი გავლენა დაავადებების განვითარებაზე, შესხურების სიზუსტესა და მცენარის წაწვენის რისკზე.

​

მეოთხე ნაწილში ყურადღებას გავამახვილებთ მზის რადიაციასა და ნიადაგის ტენიანობაზე – ფაქტორებზე, რომლებიც გადამწყვეტია კულტურის განვითარებისთვის, ნაკვეთის წყლის ბალანსისა და მოსავლიანობის პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის.

​

მთავარი გზავნილი? არაპროგნოზირებად კლიმატურ პირობებში ფერმის ეფექტური მართვა შეუძლებელია ნაკვეთზე ორიენტირებული, თანამედროვე ამინდის მონიტორინგის გარეშე.

​

​

მზის რადიაცია და მზის ნათების ხანგრძლივობა: გავლენა ზრდა-განვითარებაზე, დაავადებების განვითარებასა და შრობის პირობებზე

​

მზის რადიაცია შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა ერთეულით: ვტ/მ² (ვატი კვადრატულ მეტრზე), ჯ/მ² (ჯოული კვადრატულ მეტრზე), კჯ/მ² (კილოჯოული კვადრატულ მეტრზე) ან მჯ/მ² (მეგაჯოული კვადრატულ მეტრზე). მზის რადიაციის სენსორები სხვადასხვა ტიპისაა, თუმცა სტანდარტული სენსორი ზომავს გლობალურ მზის რადიაციას ვტ/მ²-ში.

მზის რადიაციის მაჩვენებლები იცვლება ღრუბლიანობის, დღე-ღამის მონაკვეთისა და სეზონის მიხედვით. სწორედ ეს ენერგია გამოიყენება მცენარის მიერ ფოტოსინთეზის პროცესისთვის. თბილ და მზიან დღეებში მცენარის მიერ პრეპარატების შეწოვა, როგორც წესი, უფრო მაღალია, ვიდრე გრილ და ნესტიან პირობებში. გარდა ამისა, მზის რადიაცია გამოიყენება ევაპოტრანსპირაციის, ანუ მცენარის მიერ დღის განმავლობაში გამოყენებული წყლის რაოდენობის გამოსათვლელად.

​

იმის მიხედვით, თუ რამდენად ჩრდილოეთით ან სამხრეთით მდებარეობს ნაკვეთი, მზის რადიაციის რაოდენობა სეზონების მიხედვით მკვეთრად იცვლება – ზამთრის თვეებში 250 ვტ/მ²-დან ზაფხულის თვეებში 1100 ვტ/მ²-ზე მეტამდე. მზის რადიაციასთან ერთად, რა თქმა უნდა, იცვლება ფოტოპერიოდიც (დღის ხანგრძლივობა). ზაფხულის გრძელი დღე აჩქარებს კულტურების განვითარებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩრდილოეთის რეგიონებში, სადაც უყინვო პერიოდი მოკლეა.

მზის რადიაცია მცენარის ზრდისთვის აუცილებელია. ფოთლები შთანთქავენ მზის სინათლეს და იყენებენ მას ფოტოსინთეზის ენერგიის წყაროდ. მცენარის უნარი, შთანთქას მზის სინათლე, დამოკიდებულია ფოთლის ზედაპირის ფართობზე, ანუ ფოთლის ფართობის ინდექსზე (LAI). როდესაც მცენარე სრულად ფარავს ნიადაგს (სავსე ვარჯი), მზის სინათლის შთანთქმის უნარი მაქსიმალურია.

​

ისეთმა აგრონომიულმა ფაქტორებმა, როგორიცაა სარეველებთან კონკურენცია, მავნებლების მიერ ფოთლების დაზიანება ან ფოთლის დაავადებები, შეიძლება შეამციროს ფოთლის ზედაპირის ფართობი და ხელი შეუშალოს მცენარის მიერ მზის სინათლის შთანთქმას. თეორიულად, რაც უფრო მეტ მზის ენერგიას შთანთქავს მცენარე, მით უფრო მაღალია მისი პროდუქტიულობა. როდესაც ფოთლები ფოტოსინთეზისთვის მზის ენერგიას შთანთქავენ, ფოთლის ზედაპირის ტემპერატურა იმატებს. მცენარე ამას პასუხობს ბაგეების (სტომების) მეშვეობით წყლის გამოყოფით, რათა ფოთლის ზედაპირი გააგრილოს – სწორედ ეს პროცესია ტრანსპირაცია.

​

​

ნიადაგის ტენიანობა: გავლენა მცენარის განვითარებაზე, მცენარის ჯანმრთელობაზე, საკვები ნივთიერებების შეტანასა და შეწოვაზე და მოსავლიანობაზე

​

ნიადაგის ტენიანობის გაზომვა შესაძლებელია ერთ ან რამდენიმე სიღრმეზე მზომი ზონდებით, რომლებიც სენსორის განთავსების ადგილზე მოცულობით ტენიანობის (%) ან შეწოვის ძალის მაჩვენებლებს იძლევიან. ნიადაგის ტენის მარაგს ყველაზე დიდი გავლენა აქვს მოსავლიანობის პოტენციალზე, რადგან სწორედ წყალი აწვდის მცენარეს ფოტოსინთეზისთვის საჭირო საკვებ ნივთიერებებს. ამიტომ ნიადაგის ტენის მარაგს ხშირად მცენარის „საწვავის ავზს“ უწოდებენ.

​

ყველა კულტურას აქვს წყლის გამოყენების ეფექტურობის საკუთარი მრუდი, რომელიც მოსავლიანობასთანაა დაკავშირებული. მრავალწლიანმა კვლევებმა და საველე ცდებმა დაადგინა, რამდენ მოსავალს იძლევა მცენარის მიერ გამოყენებული ყოველი 25 მმ ნიადაგის წყალი. ზოგიერთი გავრცელებული კულტურისთვის ყოველი დამატებითი 25 მმ წყალი დაახლოებით შემდეგ ნამატს იძლევა:

  • რაფსი – 0.28–0.34 ტ/ჰა;

  • ხორბალი – 0.47–0.54 ტ/ჰა;

  • სიმინდი – 0.63–0.88 ტ/ჰა.
     

ყოველ 25 მმ წყალზე მიღებული მოსავლის რაოდენობა დროთა განმავლობაში იცვლება, რადგან ბაზარზე უკეთესი გენეტიკის მქონე ახალი ჯიშები და ჰიბრიდები შემოდის.

შესაბამისად, სავეგეტაციო პერიოდში მცენარისთვის ხელმისაწვდომი წყლის საერთო რაოდენობა (მიწოდება) უდრის თესვის მომენტისთვის ნიადაგში არსებულ ტენის მარაგს (რომელიც ნიადაგის ტიპით განისაზღვრება) პლუს სავეგეტაციო პერიოდში მიღებულ ნალექსა და/ან მორწყვას. ნიადაგის წყლის მოხმარებას (მოთხოვნას) კი ტემპერატურა კლიმატური პირობები და ნიადაგის ტიპი/მექანიკური შემადგენლობა განსაზღვრავს. სწორედ ეს ორი ფაქტორი – მიწოდება და მოთხოვნა – განსაზღვრავს მოსავლიანობის პოტენციალს.

მთავარია ნიადაგის ტენიანობის სწორ დონეზე შენარჩუნება, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ მცენარის სტრესი და მაქსიმალურად გავზარდოთ მოსავლიანობა და ხარისხი. მორწყვისას ეს მარტივად მიიღწევა, თუ ნიადაგის ტენიანობას შევინარჩუნებთ ორ ზღვარს შორის:

  • სრული გაჯერების ზღვარი (Full Point) – დონე, რომლის ზემოთაც წყალი ფესვების ზონიდან ქვემოთ ჩაიჟონება და იკარგება;

  • მორწყვის/შევსების ზღვარი (Refill Point) – დონე, რომლის ქვემოთაც მცენარე სტრესს განიცდის და მორწყვაა საჭირო.

ეს ორი ზღვარი ნიადაგის ტიპის/მექანიკური შემადგენლობისა და სენსორის მიხედვით განისაზღვრება. ურწყავ მიწათმოქმედებაში კი ფერმერი მთლიანად ბუნებაზეა დამოკიდებული – ნიადაგში დაგროვილ ტენის მარაგსა და სავეგეტაციო პერიოდის ნალექებზე.

 

​

​ნიადაგის ტენიანობის არასწორი მართვის ფასი!

​

ნიადაგის ტენიანობის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ურწყავ, ისე სარწყავ კულტურებში, რადგან შეტანილი სასუქის რაოდენობა ნიადაგის ტენის მარაგს უნდა შეესაბამებოდეს. თუ სასუქის ნორმას 250 მმ ტენის მარაგზე გათვლით, ნიადაგში კი რეალურად 300 მმ წყალია, თქვენ კარგავთ მოსავლიანობის პოტენციალს.

მაგალითად: რაფსის შემთხვევაში, დამატებითი 50 მმ წყლის გამოუყენებლობა (2 × 25 მმ) ნიშნავს 0.56–0.67 ტ/ჰა მოსავლის დანაკარგს, რაც ფინანსურად დაახლოებით $222–297-ით შემცირებულ შემოსავალს იძლევა ყოველ ჰექტარზე. (აშშ და კანადის მონაცემები).

​

​

სერიის შეჯამება

​

ამინდის ცვალებადობა თანამედროვე სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება და გავლენას ახდენს ყველაფერზე – თესლის გაღვივებიდან დაწყებული, მოსავლის აღებით დამთავრებული. ოთხი ნაწილისგან შემდგარ ამ სერიაში განვიხილეთ ამინდის პარამეტრებსა და ფერმერულ წარმატებას შორის არსებული რთული კავშირები:

  • ნალექი: ნალექის ცვალებადობის გააზრება ფერმერს ეხმარება მოსავლიანობის პოტენციალის შეფასებასა და მორწყვისა და განოყიერების შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.

  • ტემპერატურა: ტემპერატურის მონიტორინგი იძლევა ევაპოტრანსპირაციის, წაყინვის რისკისა და წამლობის ეფექტურობის ზუსტი კონტროლის საშუალებას, რაც აუმჯობესებს პესტიციდების ეფექტურობასა და კულტურის დაცვას.

  • ტენიანობა და ქარი: ფარდობითი ტენიანობა და ქარის პირობები გადამწყვეტ როლს ასრულებს დაავადებების განვითარებაში, წაწვენის რისკსა და გაშრობის პროცესებში, რაც ნაკვეთიდან რეალურ დროში მიღებული მონაცემების საჭიროებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

  • მზის რადიაცია და ნიადაგის ტენიანობა: ეს ფაქტორები პირდაპირ მოქმედებს მცენარის განვითარებასა და საკვები ნივთიერებების შთანთქმაზე – წყლისა და მზის სინათლის სწორი ბალანსი მოსავლიანობის პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზების აუცილებელი პირობაა.

​

​

მთავარი გზავნილები - ნაწილი IV

​

მზის რადიაცია ფოტოსინთეზის ენერგიის წყაროა, თუმცა მისი გავლენა იცვლება სეზონის, დღე-ღამის მონაკვეთისა და ღრუბლიანობის მიხედვით. ნიადაგის ტენიანობა არანაკლებ მნიშვნელოვანია – სწორედ ის უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირებასა და მცენარის ჯანსაღ ზრდას. ტენიანობის არასწორი მართვა დანაკარგებს იწვევს, ამიტომ რეალურ დროში მონიტორინგი აუცილებელია.

სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ნაკვეთში განთავსებული მეტეოსადგურები და IoT სენსორები – ისინი ფერმერს ეხმარება რესურსების ოპტიმიზაციაში, ხოლო ამინდის თანამედროვე მონიტორინგი ამცირებს რისკებს და ზრდის მეურნეობის მდგრადობას.

​

როგორ ფიქრობთ, რამდენად ზუსტად იცით, რა ტენის მარაგია თქვენს ნაკვეთში თესვის მომენტში – და რამდენად შეესაბამება მას თქვენი განოყიერების გეგმა?

​

info@sst.ge

​

+995 599 81 99 81

Sensors and Smart Technologies

  • alt.text.label.LinkedIn
  • alt.text.label.Facebook
  • Instagram
  • Youtube
  • Whatsapp

©2025 Sensors and Smart Technologies. 

bottom of page