top of page

ამინდი – ცვლადი, რომელიც ფერმერობას ართულებს
ნაწილი II - ტემპერატურა

csm_IMT280-USW_4f8cab9f8d.webp

ბლოგის სერიის პირველ ნაწილში ჩვენ განვიხილეთ თუ როგორი გადამწყვეტი როლი აკისრია ლოკალურ მეტეოროლოგიურ მონაცემებსა და მოსულ ნალექებს ფერმის ეფექტურ მართვაში. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ მოქმედებს კონკრეტულ ნაკვეთზე მოსული ნალექების გაზომვა გადაწყვეტილებების მიღებასა და მოსავლიანობაზე.


მეორე ნაწილში, ყურადღებას გავამახვილებთ კიდევ ერთ კრიტიკულ ცვლადზე - ტემპერატურაზე. ტემპერატურა გავლენას ახდენს ევაპოტრანსპირაციაზე, წაყინვის რისკზე, მცენარის ზრდა-განვითარებაზე, წამლობის ოპერაციებზე (Delta T) და დაავადებებისადმი მიდრეკილებაზე. ტემპერატურის ცვალებადობის და მისი სოფლის მეურნეობის სხვა და სხვა ასპექტებზე გავლენის შესახებ ცოდნა საკვანძოა მოსავლიანობის ოპტიმიზაციისა და დანაკარგების მინიმიზაციისთვის. 


ტემპერატურის ცვლილების გავლენა ნაკვეთის მართვის პროცესებზე


ტემპერატურაზე გავლენას ახდენს სიმაღლის ცვლილება - სიმაღლის მატებასთან ერთად ტემპერატურა კლებულობს. ეს ასევე ხდება დაბლობ ადგილებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან დაბალი ტემპერატურისკენ წაყინვის დროს (ე.წ. „ყინვის ორმოები“). ასევე მნიშვნელოვანია მცენარეული საფარის პირდაპირი გავლენა, კერძოდ, დამუშავებულ ნიადაგს დღის განმავლობაში გაცილებით მაღალი ტემპერატურა აქვს, ვიდრე ბალახით დაფარულ ზედაპირს.

სენსორის დამონტაჟების სიმაღლეს ასევე შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ტემპერატურის ჩვენებაზე. მზიან დღეს ნიადაგის ზედაპირის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე სტანდარტულ 1.5 მეტრ სიმაღლეზე გაზომილი მაჩვენებელი. 
მოწმენდილ ღამეს, სუსტი ქარის პირობებში, ზედაპირიდან გრძელტალღოვანი რადიაციის გაცემის გამო, ნიადაგთან ტემპერატურა გამთენიისას შეიძლება 5-6 °C-ით უფრო დაბალი იყოს, ვიდრე 1.5 მეტრ სიმაღლეზე. ამ მოვლენას ტემპერატურული ინვერსია ეწოდება. ეს კრიტიკული ფაქტორია წამლობისას, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატის გადადინება და “ინვერსიის ფენის” ქვეშ მისი დაგროვება. 

Delta T და წამლობის ეფექტურობა


ტემპერატურულ ინვერსიასთან ერთად, წამლობისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეტეოროლოგიური ფაქტორია Delta T. მარტივად რომ ვთქვათ, Delta T განსაზღვრავს შემასხურებლიდან გამოფრქვევის შემდეგ წვეთის „სიცოცხლისუნარიანობას“
იგი გამოითვლება ჰაერის ტემპერატურასა და ფარდობით ტენიანობას შორის კავშირით:

  • ძალიან თბილი და მშრალი პირობები იწვევს წვეთის აორთქლებას.

  • ნოტიო და გრილი პირობები იწვევს ფოთოლზე ცუდ გადანაწილებას და შეწოვას.

დელტა თის (Delta T) ოპტიმალური დიაპაზონი წამლობისთვის არის 2-დან 8-10-მდე. ლოკალური მეტეოსადგურის ქონის შემთხვევაში ფერმერისთვის ხელმისაწვდომია როგორც მიმდინარე, ისე პროგნოზირებული Delta T-ს მაჩვენებლები, რაც უზრუნველყოფს წამლობის სიზუსტეს და ოპტიმალურად შერჩეულ დროს.

​​​

არაეფექტური წამლობის ფასი!
პესტიციდების ეფექტურობა ამინდის პირობების მიხედვით 20-დან 100%-მდე მერყეობს. არაეფექტურმა წამლობამ შეიძლება პროდუქტის ხარისხი 80%-ით, ხოლო მოსავლიანობა 30%-ით შეამციროს.


მაგალითად: სოიოს კულტურის შემთხვევაში, რომლის მოსავლიანობის პოტენციალი შეადგენს 4 ტ/ჰა-ს, სკლეროტინიოზის (თეთრი სიდამპლე) მაღალი გავრცელება და პესტიციდების დაბალი ეფექტურობით გამოწვეული 8%-იანი დანაკარგი (როდესაც სოიოს ფასი $0.349/კგ-ია), ნიშნავს $112.68-ით შემცირებულ შემოსავალს ყოველ ჰექტარზე (322.8 კგ/ჰა * $0.349). (აშშ და კანადის მონაცემები).

 

 

წაყინვისგან დაცვა და პროგნოზირება


სხვა და სხვა ბაღებში, ვენახებსა თუ კენკროვან პლანტაციებში, სადაც რელიეფი ცვალებადია, რეკომენდებულია სენსორების სტრატეგიულად განთავსება დაბალ წერტილებში (ყინვის ორმოებში).
სველი და მშრალი თერმომეტრის (wet-dry bulb) ფაქტობრივი მონაცემები შერწყმულია კონკრეტული ლოკაციისთვის პროგნოზირებულ მაჩვენებლებთან, რაც ქმნის წაყინვების პროგნოზირების საუკეთესო ხელსაწყოს. წარმოიდგინეთ, რომ წაყინვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებთ მეტეოსადგურზე დაყრდნობით, რომელიც თქვენი ნაკვეთიდან კილომეტრების დაშორებით მდებარეობს - ასეთ შემთხვევაში, მიღებული პასუხი აუცილებლად არაზუსტი იქნება.

 

ნამის წერტილის ტემპერატურა (Dew Point)


ნამის წერტილი არის ტემპერატურა, რომლის დროსაც ჰაერში არსებული წყლის ორთქლი კონდენსირდება და სითხედ იქცევა. როდესაც ნამის წერტილი ჰაერის ტემპერატურის ტოლია, ფარდობითი ტენიანობა 100%-ია.
როგორ „ვიწინასწარმეტყველოთ“ წაყინვა ნამის წერტილის მეშვეობით?
წარმოიდგინეთ, რომ ნამის წერტილი არის ერთგვარი „უხილავი ბარიერი“, რომელიც ტემპერატურის ვარდნას ამუხრუჭებს. რატომ ხდება ასე?
როდესაც ჰაერი ნამის წერტილამდე ცივდება, მასში არსებული წყლის ორთქლი გარდაიქმნება წყლის წვეთებად (ნამად). ფიზიკის კანონების თანახმად, ორთქლის სითხედ ქცევის პროცესში გამოიყოფა ენერგია/სითბო. ეს გამოყოფილი სითბო „ათბობს“ გარემოს და ხელს უშლის ტემპერატურის სწრაფ ვარდნას მანამ, სანამ ჰაერში ტენიანობა არსებობს.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ: როგორც კი ჰაერი ნამის წერტილს მიაღწევს, იწყება ნამის გამოყოფა და ეს პროცესი ჰაერს დამატებით სითბოს აძლევს. სწორედ ამიტომ, ტემპერატურა ნამის წერტილის ნიშნულს ქვემოთ ძალიან ნელა ან საერთოდ აღარ ეცემა.
შესაბამისად, თუ თქვენი მეტეოსადგური აჩვენებს, რომ ნამის წერტილი არის -2 °C, ეს ნიშნავს, რომ ჰაერს „არაფერი უშლის ხელს“ მანამ, სანამ ამ ნიშნულამდე არ მივა.
მაგალითად: თუ ღამე მოწმენდილია და ქარიც არ ქრის, ჰაერის ტემპერატურა ნელ-ნელა მიუახლოვდება ნამის წერტილის ნიშნულს.


მოდით, განვიხილოთ მაგალითი: საღამოს 18:00 საათზე გარეთ ჯერ კიდევ - 8 °C სითბოა. თუმცა, თქვენმა მეტეოსადგურმა აჩვენა, რომ ნამის წერტილი არის -2 °C.
რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

  1. ჰაერი მთელი ღამის განმავლობაში გაცივდება მანამ, სანამ -2 °C-ს არ მიაღწევს.

  2. რადგან -2 °C ნულზე დაბალია, ეს ნიშნავს, რომ თქვენს ნაკვეთში წყალი ნამად/კონდენსატად კი არ იქცევა, არამედ გაიყინება.

  3. შესაბამისად დილით ადრე მცენარეები წაიყინება .
     

დავიმახსოვროთ მთავარი პრინციპი: თუ საღამოს ნამის წერტილის მაჩვენებელი 0 °C-ზე დაბალია, ეს თქვენთვის განგაშის სიგნალია - მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში გარეთ შეიძლება +10 ან +15 გრადუსი იყოს, ღამით წაყინვის ძალიან მაღალი რისკი არსებობს.
ნამის წერტილის მაღალი მაჩვენებლები ასევე გამოიყენება რთული მეტეოროლოგიური პირობების (შტორმი, ძლიერი ნალექი) პროგნოზირებისთვის. რაც უფრო მაღალია ნამის წერტილი, მით მეტი ტენიანობაა ჰაერში ასეთი მოვლენების განვითარებისთვის.
აი, როგორ შეგვიძლია დავაჯგუფოთ მდგომარეობა ნამის წერტილის მიხედვით:

  • 13 °C-ზე დაბალი: გარემო პირობები ზოგადად სტაბილურია;

  • 13 °C-დან 18 °C-მდე: ჰაერი საშუალოდ ტენიანი და ზომიერად არასტაბილურია;

  • 18 °C-დან 23.5 °C-მდე: ჰაერი ტენიანი და არასტაბილურია (იზრდება ნალექის რისკი);

  • 23.5 °C-ზე მაღალი: ჰაერი ძალიან ტენიანი და უკიდურესად არასტაბილურია.

მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი შტორმის ჩამოყალიბებისთვის სხვა ფაქტორებიც არის საჭირო, ნამის წერტილის ტემპერატურა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინდიკატორია.
 

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
ხშირად ფერმერები მხოლოდ მიმდინარე ტემპერატურას უყურებენ და ჰგონიათ, რომ თუ საღამოს თბილა, ყინვა არ იქნება. სინამდვილეში კი, სწორედ ნამის წერტილი გვეუბნება, სად „გაჩერდება“ თერმომეტრი ღამის განმავლობაში.

 

ლოკალური ტემპერატურის მნიშვნელობა


კონკრეტულ ნაკვეთზე არსებული ტემპერატურა გადამწყვეტი ფაქტორია კულტურის განვითარების, მავნებლების გავრცელებისა და მცენარის მიერ წყლის მოხმარების პროგნოზირებისთვის. ტემპერატურული მონაცემები აუცილებელია ვეგეტაციის პერიოდის ხანგრძლივობისა და დაგროვილი სასარგებლო სითბოს ჯამის გამოსათვლელად, რასაც აგრონომიაში აქტიურ ტემპერატურათა ჯამს (GDD) ვუწოდებთ.
მცენარის განვითარების ფაზების ზუსტად დასადგენად, აქტიურ ტემპერატურათა ჯამის გამოთვლა უშუალოდ ნაკვეთზე უნდა ხდებოდეს. ეს საშუალებას გვაძლევს, ზუსტად დავგეგმოთ სხვადასხვა აგროტექნიკური ღონისძიება, მაგალითად - წამლობა. გარდა ამისა, ტემპერატურული მაჩვენებლები გამოიყენება მავნებლების განვითარების სტადიების პროგნოზირებისთვისაც, თუკი სენსორები სწორ სიმაღლეზეა დამონტაჟებული. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ნიადაგის ტემპერატურის გაზომვა 5 სმ სიღრმეზე, ზოგიერთი მავნებლის შემთხვევაში კი მონაცემები სტანდარტულ, 1.5 მეტრის სიმაღლეზე დამონტაჟებული სენსორიდან აიღება.
 

​​

მთავარი გზავნილები — ნაწილი II​

  • ტემპერატურის ცვალებადობა სოფლის მეურნეობის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

  • წაყინვისგან დაცვა, ეფექტური წამლობა და მავნებლების კონტროლი პირდაპირ დამოკიდებულია ნაკვეთზე დამონტაჟებული სენსორების სიზუსტეზე.

  • თანამედროვე მეტეოსადგურებისა და პროგნოზირების მოდელების ინტეგრირება ფერმერებისთვის აღარ არის არჩევანი — ეს აუცილებლობაა რისკების შესამცირებლად.

Sensors and Smart Technologies

info@sst.ge

+995 599 81 99 81

  • alt.text.label.LinkedIn
  • alt.text.label.Facebook
  • Instagram
  • Youtube
  • Whatsapp

©2025 Sensors and Smart Technologies. 

bottom of page