დაავადებების და მავნებლების ინტეგრირებული მენეჯმენტი
თანამედროვე სოფლის მეურნეობა წარმოუდგენელია ჭკვიანი ტექნოლოგიების გარეშე, ბოლო წლებში ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, სოფლის მეურნეობაში გაჩნდა სხვადასხვა ტიპის აგრო-მეტეოსადგურები და სენსორული სისტემები, რომლებიც ფერმერებისთვის და აგრონომებისთვის გახდა შეუცვლელი “დამხმარე” ბაღების ეფექტურ მართვაში. მრავალფეროვან სისტემებს შორის აღსანიშნავია ის სენსორები, რომელიც ფერმერს და აგრონომს ეხმარება მუდმივ, ონლაინ რეჟიმში მიიღონ საჭირო ინფორმაცია ბაღიდან და ეფექტიანად მართონ პროცესები.
დაავადებებისა და მავნებლების ინტეგრირებული მართვა იგივე IPM (Integrated Pest Management) მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის უზრუნველსაყოფად და პესტიციდების მანკიერი გამოყენების შესამცირებლად დღეისათვის ყველაზე ეფექტურ გზად მიიჩნევა. ბოლო წლებში ახალი ტექნოლოგიები იმდენად განვითარდა, რომ ბევრმა ჭკვიანმა მოწყობილობამ შეაღწია ფერმერთა ბაღებში და სრულიად გარდატეხა IPM სტრატეგიები. ამ ბლოგში ვეცდებით მოგიყვეთ სენსორებისა და აგრო-მეტეოსადგურების საკვანძო როლზე დაავადებებისა და მავნებლების ინტეგრირებულ მართვაში და მათი გავლენაზე სოფლის მეურნეობაში.
IPM დაავადებებისა და მავნებლების კონტროლის საუკეთესო საშუალებაა, რომელიც აერთიანებს რამდენიმე ტიპის ტექნიკას: ბიო-ქიმიური კონტროლი და კულტურული პრაქტიკები. სისტემის მიზანია ქიმიური პესტიციდების გამოყენების მინიმუმამდე დაყვანა, მოსავლის ხარისხის გაუმჯობესება, წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდა, მიმდინარე ხარჯების ოპტიმიზაცია და შესაბამისად ინვესტიციების უკუგების ზრდა. ამ მიდგომის საბოლოო მიზანია: სასარგებლო მწერების შენარჩუნება, გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირება და მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა.
სენსორებს საკვანძო როლი აკისრიათ დაავადებებისა და მავნებლების მონიტორინგში და მათი არსებობის შემთხვევაში დროული და ზუსტი ჩარევის შესაძლებლობას იძლევიან.
ბაღში მავნებლების და დაავადებების აღმოსაჩენად მრავალი ტიპის სენსორული სისტემები არსებობს, რომელთა საშუალებითაც ფერმერი, აგრონომი მუდმივ/ონლაინ რეჟიმში იღებს ზუსტ ინფორმაციას/მონაცემს: მავნებლების და დაავადებების გავრცელებაზე (მათ სახეობაზე და დაავადების სავარაუდო ფაზაზე) მათ აქტიურობაზე, კონკრეტულ პერიოდში მათ რაოდენობაზე, გავრცელების დინამიკაზე. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი შეუძლიათ უფრო ეფექტურად და ზუსტად დაგეგმონ მათთან ბრძოლის გზებს.
დამატებით, სენსორებით შესაძლებელია დავაკვირდეთ გარემო ფაქტორებს რომლებიც გავლენას ახდენენ მავნებლების და დაავადებების გავრცელებაზე. ნიადაგის ტენიანობის სენსორებით შესაძლებელია ირიგაციის ზუსტი დაგეგმვა რითაც თავიდან შეგვიძლია ავიცილოთ ჭარბი წყლით ან უწყლობით გამოწვეული მცენარეების დასტრესვა და მავნებელ დაავადებების ინვაზია. ტემპერატურისა და ტენიანობის სენსორები გვაწვდიან მნიშვნელოვან ინფორმაციას მავნებელ-დაავადებებისთვის ხელსაყრელი პირობების ჩამოყალიბებაზე, რაც ფერმერებსა და აგრონომებს ხელს უწყობს ზუსტი და დროული პრევენციული ღონისძიებები გაატარონ.
ცალკეული სენსორების მსგავსად ამინდის სადგურების როლიც საკვანძოა IPM სისტემებისთვის. ისინი აგროვებს 23 სახის კლიმატურ მონაცემს. ტემპერატურა, ტენიანობა, ნალექები, ქარის სიჩქარე და ა.შ. ეს მონაცემები შეუცვლელია მავნებელ-დაავადებების, გავრცელების პროგნოზირების და შეფასებისთვის, რომლებზე დაყრდნობითაც ფერმერს შეუძლია დაგეგმოს პრევენციული ზომები მათთან საბრძოლველად. მაგ. ზოგიერთი მავნებელი თუ დაავადება ადვილად ვრცელდება თბილ და ტენიან გარემო პირობებში, როცა მეორენი საპირისპირო პირობებში გრძნობენ თავს კარგად.
აღსანიშნავია ის რომ ამინდის სადგურის ისტორიული მონაცემები ფერმერებს ეხმარება მავნებელ-დაავადებების პოპულაციის გრძელვადიანი ტენდენციების დადგენაში და გადაწყვეტილებების მიღებაში რათა აარჩიონ შესაბამისი IPM სტრატეგია შერჩეული კულტურისათვის კონკრეტული რეგიონის ჭრილში.
სენსორებმა და აგრო-მეტეოსადგურებმა მავნებელ-დაავადებების და კლიმატური პირობების შესახებ მყისიერი ინფორმაციის მიწოდებით რევოლუცია მოახდინეს დაავადებებისა და მავნებლების ინტეგრირებულ მართვაში (IPM). თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მიდგომები ხელ ფეხს უხსნიან ფერმერებს და აგრონომებს მიიღონ ინფორმაციაზე და ზუსტ მონაცემებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებები, დანერგონ დროული ინტერვენციის გზები და შეამცირონ პესტიციდების არაეფექტური გამოყენება. IPM სტრატეგიების სენსორებზე და აგრო-მეტეოსადგურებზე დაყრდნობით ჩვენ მივაღწევთ მავნებელ-დაავადებების მდგრად მართვას და ხელს შევუწყობთ უფრო ჯანსაღ სასოფლო სამეურნეო ეკოსისტემის ჩამოყალიბებას რაც მთავარია შევძლებთ ვაწარმოოთ მეტი ნაკლები დანახარჯებით.